| იტვირთება… |
მონაცემების შესახებ — წყარო და დათვლის წესი
წყარო: საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი", ანგარიში 7410.02 „დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება". თვის უჯრაში იმ თვეში ამ ანგარიშზე დებეტში დარიცხული თანხაა ლარში; სტორნო ან კორექტირება, თუ იქნება, თანხას აკლებს. ხელფასი თვის ბოლო დღით ირიცხება, ამიტომ მიმდინარე თვე დარიცხვამდე ცარიელია.
„გროსი" რას ნიშნავს: სწორედ ეს დარიცხული თანხაა — საშემოსავლო გადასახადისა და თანამშრომლის საპენსიო შენატანის დაკავებამდე. ხელზე გაცემული თანხა ამაზე ნაკლებია. დამსაქმებლის საპენსიო შენატანი ცალკე ანგარიშზეა (7411) და აქ არ ემატება.
ვინ ხვდება ცხრილში: ის, ვისაც Drive-ის „თანამშრომლების სიაში" პოზიციად „მძღოლი" ან „მძღოლის დამხმარე" უწერია — და ის, ვინც წელს ნამდვილად ატარებდა ჩვენი პარკის მანქანას, თუნდაც დღეს სხვა პოზიციაზე იყოს. სიაში რომ არავინ გამორჩეს, მეორე ნიშანი ზედნადებებიდან მოდის: თუ ერთ თვეში ჩვენს მანქანაზე 50-ზე მეტი ზედნადები აქვს გატარებული, ის იმ პერიოდში მძღოლი იყო (პრისეილერს, რომელიც თვეში ორჯერ თვითონ მიაქვს საქონელი, თვეში 6-ზე მეტი არასდროს აქვს).
პოზიციის შეცვლა: თუ ადამიანი მძღოლობიდან სხვა სამუშაოზე გადავიდა, მისი ხელფასი აქ მხოლოდ ბოლო რეისის თვის ჩათვლით ითვლება — გადასვლის თარიღი ზედნადებებიდან ავტომატურად მოდის, ხელით არსად იწერება. შემდეგი თვეები ცხრილში ტირეთია, თუმცა ბუღალტერიაში ხელფასი, ცხადია, აგრძელებს დარიცხვას — უბრალოდ ეს უკვე სხვა სამუშაოს ხელფასია.
განახლება: ყოველ საღამოს, ორშაბათიდან შაბათამდე, 20:35-ზე — მას შემდეგ, რაც ბალანსის დღის გატარებები ჰეტცნერის სერვერზე დაკოპირდება. ბოლო გატარებული დღე ცხრილის ქვეშ წერია. უჯრაზე დაწკაპუნებით იხსნება იმ თვის გატარებები — თარიღი, დოკუმენტი და ზუსტი თანხა თეთრებით.